2016 წლის 1 იანვრიდან „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედება დაიწყო.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში შეტანილია წალკის მუნიციპალიტეტის ყველა ტერიტორიული ერთეული.
სტატუსის მინიჭების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ პირს.
ფიზიკურ პირს სტატუსი ენიჭება, თუ იგი აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
● არის საქართველოს მოქალაქე;
● რეგისტრირებულია მაღალმთიან დასახლებაში;
● ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებაში.
სტატუსის მინიჭების მიზნით, წალკის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქე განცხადებით მიმართავს წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელს.
განცხადებას სტატუსის მინიჭების თაობაზე აუცილებლად უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
● საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
● მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტები; *
● ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;
● სხვა პირის მიერ განცხადების წარდგენის შემთხვევაში – უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში, ჯამში 9 თვის ან 9 თვეზე მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების სახით, შესაძლოა წარმოდგენილ იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები:
● დოკუმენტები ან მასალები, მათ შორის ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას;
● საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ საარსებო შემწეობის მისაღებ შესაბამის ზღვრულ ქულაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა იყოს გაცემული, განცხადების წარდგენამდე არაუმეტეს 15 დღით ადრე;
● საჯარო სკოლის მიერ გაცემული ინფორმაცია, ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში დასაქმების თაობაზე;
● უფლებამოსილი იურიდიული პირის/ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში მდებარე დაწესებულებაში/იურიდიულ პირში დასაქმების ფაქტს;
● იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება;
● მაღალმთიან დასახლებაში გადასახდელების ან/და მომსახურების საფასურის/ღირებულების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები;
● ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური პირის მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრებას.
სავალდებულოა განცხადებას დაერთოს ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან არანაკლებ 2 დოკუმენტისა.
ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის გამგეობას საკუთარი ინიციატივით დაწყებული აქვს ადმინისტრაციული წარმოება სტატუსის მინიჭების თაობაზე იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც საქართველოს მთავრობის N591 დადგენილების 17-ე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად:
ა) არიან პროფესიული განათლების მასწავლებლები და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე, სახელმწიფოს მიერ დაფუძვნებულ პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საჯარო სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები და შესაბამისად დასაქმებულნი არიან/ირიცხებიან/ მათი შვილები ირიცხებიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან 9 თვის ან მეტი ვადით ადრე.
ბ)რეგისტრირებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში და დასაქმებულნი არიან მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საბიუჯეტო ორგანიზაციაში, ამ წესის ამოქმედების დღიდან მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.
გ)სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მონაცემებით ოჯახი რეგისტრირებულია და საცხოვრებელ ადგილად მითითებულია მაღალმთიანი დასახლება, ამ წესის ამოქმედების თვის მინიმუმ წინა 9 თვის ვადისა, უწყვეტად.